Raregene.ge

ოჯახის შექმნა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია ადამიანის ცხოვრებაში. თანამედროვე გენეტიკა კი მომავალ მშობლებს აძლევს შესაძლებლობას, ოჯახის დაგეგმვის პროცესი უფრო ინფორმირებული და უსაფრთხო გახადონ.

მტარებლობის გაფართოებული სკრინინგი (Expanded Carrier Screening – ECS) არის გენეტიკური კვლევა, რომელიც განსაზღვრავს, არის თუ არა ადამიანი ისეთი მემკვიდრეობითი დაავადებების გამომწვევი გენეტიკური ვარიანტების მტარებელი.

მტარებელი, როგორც წესი, სრულიად ჯანმრთელია და მთელი ცხოვრების განმავლობაში შეიძლება არც იცოდეს ამის შესახებ, თუმცა გარკვეულ შემთხვევებში ეს ინფორმაცია მნიშვნელოვან როლს თამაშობს მომავალი შვილის ჯანმრთელობისთვის.

რა არის მტარებლობის რისკი?

ადამიანს შესაძლოა დნმ-ში ჰქონდეს რამდენიმე პათოგენური ან სავარაუდოდ პათოგენური ვარიანტი. უმეტეს შემთხვევაში ეს ჯანმრთელობაზე გავლენას არ ახდენს და სრულად უსიმპტომოა. თუმცა, თუ ორივე პარტნიორი ერთი და იმავე აუტოსომურ-რეცესიული დაავადების მტარებელია, თითოეულ ორსულობაზე არსებობს:

25%ალბათობა, რომ ბავშვი დაავადებული დაიბადება
50%ალბათობა, რომ ბავშვი იქნება მტარებელი
25%ალბათობა, რომ ბავშვი არც დაავადებული იქნება და არც მტარებელი

სწორედ ამიტომ, მტარებლობის სკრინინგის ჩატარება რეკომენდებულია ორსულობის დაგეგმვამდე. ამ ეტაპზე მიღებული ინფორმაცია წყვილს აძლევს შესაძლებლობას, ექიმ-გენეტიკოსთან ერთად შეაფასოს რისკები და საჭიროების შემთხვევაში განიხილოს სხვადასხვა რეპროდუქციული შესაძლებლობა.

ფართო გენეტიკური შეფასება

თანამედროვე ECS პანელი ათასზე მეტ გენს მოიცავს და ერთი კვლევის ფარგლებში მრავალი მძიმე მემკვიდრეობითი დაავადების რისკის შეფასების საშუალებას იძლევა.

კვლევა მოიცავს ნერვული, კუნთოვანი, მეტაბოლური, სისხლის, იმუნური და სხვა ორგანოთა სისტემების დაავადებებს, რომელთა რისკის დროულ შეფასებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

სკრინინგი რეკომენდებულია ყველა წყვილისთვის – მიუხედავად ოჯახური ისტორიისა თუ ეთნიკური წარმომავლობისა. მრავალი გენეტიკური დაავადება ოჯახში პირველად სწორედ დაავადებული ბავშვის დაბადების შემდეგ ვლინდება, რადგან მშობლებს მანამდე არანაირი კლინიკური სიმპტომი არ აღენიშნებათ.

რას გვაძლევს კვლევის პასუხი?

კვლევის შედეგი არ ნიშნავს მხოლოდ „დადებით“ ან „უარყოფით“ პასუხს. ის წარმოადგენს მნიშვნელოვან ინსტრუმენტს, რომელიც ექიმებსა და პაციენტებს ეხმარება ინდივიდუალური რეპროდუქციული რისკების შეფასებაში, გენეტიკური კონსულტაციის დაგეგმვასა და ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებაში.

გენეტიკური ტესტირების განვითარებასთან ერთად მტარებლობის გაფართოებული სკრინინგი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში უკვე ოჯახის დაგეგმვის მნიშვნელოვან ნაწილად იქცა. მისი მიზანი დაავადების დიაგნოსტიკა კი არა, პრევენცია, ინფორმირებულობა და მომავალი თაობის ჯანმრთელობაზე ზრუნვაა.

გენეტიკური ინფორმაცია მხოლოდ კვლევის პასუხი არ არის – ეს არის შესაძლებლობა, მომავალ მშობლებს ჰქონდეთ მეტი ცოდნა, მეტი არჩევანი და მეტი თავდაჯერებულობა ოჯახის დაგეგმვის გზაზე.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *